აჭარაში ქართველობა განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა და ბათუმელები მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს იმსახურებენ, - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში გამართულა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, საქართველოში სამართლიანობის დრო მოდის.
"აჭარა ისეთ დროსაც მოესწრო, რომ სახელმწიფო საზღვრები ისე გაუვლეს, რომ ერთ სოფელში მოსახლე ძმებიდან ერთი საქართველოში დარჩა, მეორე კი საზღვარს გადაღმა აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთს სიმღერით ეხმიანებოდნენ და ისე ატყობინებდნენ თვის სათქმელს. აჭარამ ამ განსაცდელს ღირსეულად გაუძლო. განსაკუთრებულია, ამ კუთხის ღვაწილი ჩვენი ქვეყნის საქრისტიანო და სამუსულმანო საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებასა და საბოლოო გაერთიანებაში. როდესაც საქართველოს მთლიანობა გადასარჩენი იყო არავინ არკვევდა ვინ იყო ქრისტიანი და ვინ მუსლიმანი. კარგად ვიცი, ახლა თქვენს გულში რა ცეცხლიც ტრიალებს. Eეს ცეცხლი სახიფათოცაა და სამართლიანიც. სწორედ სამართლიანობის გამოა ის განსაკუთრებულად საშიში და იგი ტყუილის, უსამართლობის გამოა დანთებული თქვენ გულებში. თქვენ სიმართლესა და კანონიერებაზე აშენებულ ქვეყანას იმსახურებთ და ახლა საქართველოში სიმართლის, სამართლიანობის დრო მოდის", _ განაცხადა ივანიშვილმა.