ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სამღვდელობა ერთმანეთს დაუპირისპირა, _ აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბათუმში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსლისას განაცხადა.
,,მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და ჩვენი სამღვდელობა ერთმანეთს დაუპირისპირა. ,,ნაციონალური არხები" გამუდმებით ტრაბახობენ იმ მღვდელმთავრებით, რომლებიც სააკაშვილს ხოტბას ასხამენ, ხოლო დაუფარავი აგრესიით მოიხსენიებენ ყველას, ვინ გაბედა და ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერა გამოთქვა. ეკლესიაში დაპირისპირება ისე დაუფარავად ხდება, რომ მაგალითად საჩხერეში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშფოთებულია იმ განწყობით, რომელიც საჩხერეში მოღვაწე მეუფემ არაერთხელ გამოხატა ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ. დაახლოებით იგივეს აკეთებენ უცხოეთში მოღვაწე მღვდელ-მსახურები", _ განაცხადა ივანიშვილმა და პირობა დადო, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკლესია ნებისმიერი ზეწოლისგან გათავისუფლდება.
,,პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ უცხოეთში ქართული დიასპორები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩვენ ამ დაპირისპირებას დავამთავრებთ და ჩვენ ეკლესიას გავათავისუფლებთ ნებისმიერი ზეწოლისგან და ნებისმიერი პოლიტიკური წნეხისაგან. სიტყვას გაძლევთ, რომ სახელმწიფო არასოდეს ჩაერევა ეკლესიის შიდა საქმეებში ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.