საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რაჭის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ხიხამთის სათიბებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი სამთავრობო პროგრამის, „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში, საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე და ამ პროცესში ხიხამთის მსგავს ალპურ სათიბებზე თანამედროვე ტექნიკით თივის მოპოვებისა და დამზადების მნიშვნელობაზე. საუბრის დროს ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ რაჭის რეგიონში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ამიტომ მას განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი გლეხი ნიშნავს ძლიერ საქართველოს.
ხიხამთა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და 3000 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. წელს განხორციელდა ხიხამთაზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რაც სათიბებზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეყვანის საშუალებას იძლევა. მიმდინარე წელს დაგეგმილია 1000 ჰექტარის ათვისება და დამუშავება, რაც შესაბამისად 1000-1500 ტონა დაპრესილი თივის დამზადებას ითვალისწინებს. მიღებული ნედლეული და დაპრესილი თივა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და ნაწილობრივ იმერეთის რეგიონის მოთხოვნას მთელი ზამთრის პერიოდში დააკმაყოფილებს. ხიხამთის ტერიტორიაზე 7 ერთეული თანამედროვე ტექნიკა მუშაობს. სეზონურად პროექტში 60 ადგილობრივი დასაქმდება.