4-16 აგვისტოს თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - "მოგზაური ნოტები 2012". სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 70 ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი სახელგანთქმული პედაგოგების ხელმძღვანელობით გაკვეთილებს, რეპეტიციებსა და კონცერტებს გამართავს.
კონცერტების განრიგი ასეთია: 12 აგვისტო - კუს ტბა; 13 აგვისტო - თიბისი გალერეა; 15 აგვისტო - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი.
რეპერტუარშია სიმფონიური (გაბრიელი, ბახი, ბოზა, შტრაუსი, ცინცაძე, კომიტასი, პიაცოლა) და ტრადიციული (ხაჩატურიანი, ლაღიძე, მარკესი, ბერნშტაინი) მუსიკა, აგრეთვე მსოფლიოს კინომუსიკა (კვერნაძე, მორიკონე, ჯონ უილიამსი) და კლასიკური სიმფონიური კომპოზიციები (კოპლანდი, პროკოფიევი, ბრამსის მე-2 სიმფონია). 15 აგვისტოს გალაწარმოდგენაზე შესრულდება ლალოს კონცერტი ჩელოსთვის: სოლისტი ლიზი რამიშვილი.
"მოგზაური ნოტების" სპონსორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მუსიკალური ხელოვნების მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი, აგრეთვე კულტურის სამინისტრო, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, აშშ-ის საელჩოები თბილისში, ერევანსა და ბაქოში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თიბისი ბანკი, უნისეფი, სასტუმრო ჰოლიდეი ინი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო მუზა, არასამთავრობო ორგანიზაცია Anadolu Kültür (თურქეთი), ამერიკის ახალგაზრდული ორკესტრი (აშშ), ANCO Instruments (დომინიკის რესპუბლიკა) გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრი (სომხეთი).
ფესტივალის მუსიკალური და საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალება მიეცემათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთაში, უფლისციხეში, დავით გარეჯის მონასტერში, ნარიყალის ციხეზე, ძველ თბილისში. მუსიკოსები ადგილობრივი მოცეკვავეების კონცერტსაც დაესწრებიან. აშშ-ის საელჩო საქართველოში ფესტივალის მონაწილეთა პატივსაცემად მიღებას გამართავს.