ქდმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლები მოსახლეობისგან იცლება, რადგან გლეხებს შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. ეს ადამიანები მხოლოდ 2 თეთრად აბარებენ ვაშლს, რაც მათი შრომის დაუფასებლობაა. ამის შესახებ ახვლედიანმა გორში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სოფლად, განსაკუთრებით კი საზღვრის პირას მცხოვრები მოსახლეობა არ მოსწყდეს ძირძველ საცხოვრებელ ადგილებს.
ახვლედიანის განცხადებით, მის გუნდს სურს, შექმნას ისეთი "ქრისტიან-დემოკრატიული" საქართველო, სადაც შვილებს ექნებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მშობლები დასაქმებული იქნებიან, ხოლო პენსიონერები, მოხუცები და ხანდაზმულები კი - დაფასებული.
ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ქრისიტან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და გლეხებს არ შეეშინდებათ ხვალიდნელი დღის.
"თუ ასე გაგრძელდა ჩვენს საზღვრისპირა რეგიონში აღარ დარჩება ადამიანი და ეს ტერიტორიები დაიცლება ქართველებისგან. მათ საკუთარი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკა აიძულებს, წამოვიდნენ იქიდან, დადგნენ ელიავაზე და ელოდონ, დღეში ათ ლარად ვინ გაიწვევს სამუშაოზე. მის სახლში, მის ძირძველ ქართულ მიწაწყალზე, ახალ-ახალი ჯაყოები მოვლენ და ისე დაიკავებენ ამ ტერიტორიებს, რომ ერთი ტყვიის გასროლაც აღარ დასჭირდებათ", - განაცხადა ახვლედიანმა.