ხვალ, 4 აგვისტოს, უკრაინაში, ქ. მირგოროდში, ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
მუზეუმის ფასადზე, ქართული დიასპორის ხელშეწყობით, ქართულ და უკრაინულ ენებზე პოეტის მემორეალური დაფა გაიხსნება. ღონისძიების ოფიციალური გახსნის შემდეგ, მოეწყობა ქართველი ფოტოგრაფის შალვა ლონდარიძის ფოტოგამოფენა. პოეტის საფლავზე გადაიხდიან სულის მოსახსენებელ პარაკლისს და სტუმრები პოეტის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ქალაქის ცენტრში, გურამიშვილის ქუჩასთან ახლოს, პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების კოლექტივებთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი "მართვე".
ტრადიციულად, პოეტის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს ქართველებთან ერთად, უკრაინელებიც აღნიშნავენ. დავით გურამიშვილმა თავის ცხოვრების უკანასკნელი წლები უკრაინაში, ქ. მირგოროგში გაატარა. სწორედ აქ მდებარეობს მისი საფლავი და სახლ-მუზეუმი.