"პირველი ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის არასახარბიელო დღეა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასტროლოგმა მიხეილ ცაგრელმა და აღნიშნა, რომ ოქტომბერი, მთლიანობაში, მშვიდი პერიოდია, თუმცა 1-5 რიცხვები აგრესიულობით ხასიათდება. მიხეილ სააკაშვილისთვის კი პირველი ოქტომბერი "საშუალოდ ნეიტრალური" დღეა.
"მთლიანობაში, ოქტომბერი შედარებით მშვიდი თვეა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად კარგი პერიოდია 1-იდან 5 რიცხვამდე მონაკვეთი. ეს მონაკვეთი ყველაზე არასასურველია, ხასიათდება აგრესიითა და კონფლიქტებით. ამასთან, მთავარე პირველ ოქტომბერს ადამიანებზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და აღვიძებს ემოციებს, ქვეცნობიერს, რადგან ამ დროს მთვარე გადის ყველაზე აგრესიულ - ვერძის ზოდიაქოს", _ განაცხადა ცაგარელმა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ყველაზე სასურველი დრო 10-15 ოქტომბრამდე პერიოდი იქნებოდა, რადგან დროის ეს მონაკვეთი შედარებით მშვიდია.
მისი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდიც საკმაოდ დაძაბული იქნება.
"15 აგვისტოდან ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი იწყება, რომელიც 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში იქნება ყველაზე მეტი სირთულეები, ცვლილებები. ლიდერებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. მთავრობას - მოქმედებების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე, რომ საზოგადოება არ გააღიზანონ", _ განაცხადა მიხეილ ცაგარელმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბერი სააკაშვილისთვის მაინცდამაინც სახარბიელო დღე არ არის.
"პრეზიდენტს ისეთი მრჩეველი რომ ჰყოლოდა, რომელიც ოდნავ მაინც ასტროლოგიაში ერკვევა, საპარლამენტო არჩევნებს პირველ ოქტომბერს არ დანიშნავდა, რადგან პირველი ოქტომბერი პრეზიდენტისთვის საშუალოდ ნეიტრალური დღეა", _ განაცხადა ცაგარელმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება.