დღეს საზოგადოებისადმი, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ მიმართვა, ქართველ სპორტსმენთა ნაწილმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"სპორტსმენებზე ზეწოლის უამრავი ფაქტი დაგროვდა, მაგრამ ჩვენ ვერიდებოდით ამ თემაზე საუბარს ოლიმპიადის წინ, რადგან ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენებს პრობლემები არ შექმნოდათ.
ოლიმპიურ ნაკრებსა და სპორტულ სამყაროში სწორედ ის სიტუაციაა, როგორიც მთელს საქართველოში. სპორტსმენებზე ზეწოლაა. სპორტსმენები სპორტულ მოღვაწეობაში ხელის შეშლის შიშით თავის პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას ერიდებიან. ოლიმპიური ნაკრების საქართველოში დაბრუნებისთანავე შევიკრიბებით და ღიად ვისაუბრებთ ყველა ფაქტზე, რომელსაც ხელისუფლება თავისი ზონდერებით ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ყველა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია. სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ერთმანერთისგან. ჩვენ ვართ სპორტსმენები და არა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები. მაგრამ, გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია. სამინისტრომ სწორედ ეს მიიჩნია ჩვენს დანაშაულად და ამიტომ განახორციელა ზეწოლა ჩვენზე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სპორტსმენებზე. ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ამას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს სპორტდარბაზების კედლებიდან, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს; როდესაც ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს",- ნათქვამია მამართვაში.