,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარი კანდიდატების სიაში კორექტირების შეტანას არ გამორიცხავს. როგორც ივანიშვილმა ირმა ინაშვილთან ინტერვიუში აღნიშნა, მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობა მისაღებია, თუმცა შესაძლებელია, რამდენიმე მათგანი შეიცვალოს.
,,შეუცდომელი არავინ არაა, თუმცა ვთვლი, რომ მაჟორიტარების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი კანდიდატები შევარჩიეთ. შეიძლება ერთი ორი იქ შეცდომა იყოს და არ გამოვრიცხავ კორექტირება მოგვიწიოს", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეგნებულად აგორებდა უარყოფით პიარს ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატების წინააღმდეგ.
,,ვერცერთ რაიონში, ვერცერთ მაჟორიტარს იდეალურს ვერ მოძებნით, ისე რომ რამდენიმე მოქალაქე განაწყენებული არ იყოს. ის, რომ მოსახლეობის 100% კმაყოფილი და ბედნიერი იყოს, ძალიან რთულია. ჩვენი ოპონენტები კამპანიას ხელოვნურად აგორებენ, კარგ კანდიდატს ყველაზე მეტად თავს ესხმოდნენ. ააქტიურებენ რაღაც ჯგუფს და პროცესში ხელს, გვიშლიან როგორც კი გაიგებდნენ, რომ სადღაც საინტერესო მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. გამოდიოდა ათი კაცი და ამბობდა ოღონდაც ეგ არა, მოდიოდნენ ცრუ ხელმოწერებით ერთი და იგივე ხალხი აგორებდა კამპანიას და უტევდნენ, იმ კანდიდატს, რომელიც რეალურად გაიმარჯვებდა", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.