თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმარ მელორ ვაჩნაძის გათავისუფლების შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა რამდენიმე დღის წინ მელორ ვაჩნაძის ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვეს. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მელორ ვაჩნაძე პოლიტიკური პატიმარია და მას მიმდინარე წლის 27 მარტიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხება, რადგან სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. მუდმივმოქმედმა კომისიამ, რომელიც პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს განიხილავს, ადვოკატების განცხადება არ დააკმაყოფილა. ოჯახის წევრებმა კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. სასამართლომ დღეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ვაჩნაძის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ევროსასამართლოში გაასაჩივრდება.
"მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის დაუყოვნებლივ სეფსისის ცენტრში გადაყვანას საჭიროებს, რადგან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრის მკურნალობა შეუძლებელია", - განაცხადა ვაჩნაძემ.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრობაში მყოფ მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით ბოლო განცხადება 27 ივლისს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას და სამოქალაქო სექტორში გაყვანას არ საჭიროებს და აქედან გამომდინარე, მოთხოვნას, მისი სამოქალაქო სექტორში გადაყვანის შესახებ, სამინისტრო ვერ დააკმაყოფილებს.
მოძრაობა "შემოგვიერთდის" წევრი მელორ ვაჩნაძე 2009 წლის 9 აპრილის აქციების დროს ჟურნალისტის, ნიკა ავალიანის ცემის ფაქტზე ორ მეგობართან ერთად დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ცოტა ხანში ის თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სახალხო დაცველმა 20 ივლისს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში.