სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ შს მინისტრის ახალი ბრძანება ამოქმედდა.
ბრძანება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოსაა ხელმოწერილი და უკვე ძალაშია.
ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, „B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;
„A" ან „ტრამვაის" კატეგორიის ან „ A1" ან „B1", ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
„B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 17 წლიდან.
„B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:
„B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.