დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინედისასა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღეა . მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ატარებს.
ილია (ელია) თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია ლევიტელთა ტომიდან, რომელიც ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. ზედწოდება თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეკლესიის სწავლებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ეკლესიამ ილია მართლის ხსენების დღედაც 2 აგვისტო დააწესა. ილია ჭავჭავაძე საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და უწოდა მას წმ. ილია მართალი.