აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას აძლევს მხარი დაუჭიროს სირიის ამბოხებულებს. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის ხელმოწერის ზუსტი თარიღი არ სახელდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსა და აშშ-ის სხვა სპეცსამსახურებს უფლება ეძლევათ დაეხმარომ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, რაც ხელს შეუწყობს მის დამხობას.
აღნიშნულ ფაქტზე ოფიცალურ კომენტარს თეთრი სახლის წარმომადგენლები არ აკეთებენ.
უნდა აღნიშნოს, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთში სირიის წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებულობაზე ალაპარაკდნენ, მაშინ როდესაც ადრე მათ მოქმედებას ბრბოს ადარებდნენ.
ამავდროულად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 25 მილიონი აშშ დოლარი წინააღმდეგობის მოძრაობის დასახმარებლად დაარეზერვა. ეს თანხა კომუნიკაციის საშუალებებისთვის დაიხარჯება.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიელ ამბოხებულებს ყატარისა და საუდის არაბეთის მდიდარი ოჯახებიც ეხმარებიან.
გაეროს მონაცემებით 2011 წლის მარტიდან სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას 16 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.