დღეს სასტუმრო "რედისონში" ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მე-8 სხდომაზე პროექტის 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. სხდომაზე მხარეებმა სარკინიგზო მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობისა და რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა საკითხები განიხილეს.
როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
"ეს არის პროექტი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, არც ერთ დღეს არ გაჩერებულა. დღეს დამტკიცდა 2010 წლის ბიუჯეტი, თანხა განისაზღვრა 100 მლნ აშშ დოლარით, რომელიც იქნება აზერბაიჯანული მხარის ინვესტიცია. 2012 წლის დასაწყისში პროექტი ექსპლუატაციაში შევა. პროექტი უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ხორციელდება დიდი ინვესტიცია, ამ მონაკვეთზე რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული, პროექტი ხელს უწყობს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეს არის ყველაზე მოსახერხებელი დამაკავშირებელი გზა საქართველო, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, უკვე შესრულებულია სამუშაოს 30-35 პროცენტი, დანარჩენი 60 პროცენტი 2 წლის განმავლობაში დასრულდება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ტრასპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა, რომ ამ პროექტისთვის 2010 წელს, 100 მლნ აშშ დოლარს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებთ აზერბაიჯანის ნავთობის ფონდი გამოყოფს.
"სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სამუშაო უკვე გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, 2011 წლის ბოლოს ვიქნებით პროექტის დასრულების სტადიაში, ხოლო 2012 წელს ამ გზით ბაქო-თბილისი-ყარსს დავაკავშირებთ", - აღნიშნა მამედოვმა.
აზერბაიჯანელი მინისტრის თქმით, აღნიშნულ კორიდორს აქვს დიდი ეკონომიკური და რეგიონალური მნიშვნელობა არა მხოლოდ პროექტის მონაწილე ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
"ეს კორიდორი ევროპას აზიასთან დააკავშირებს. პროექტით დაინტერესებულია ყაზახეთი. ყაზახები ექსპლუატაციის პირველივე წელს მაგისტრალით 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვას აპირებენ", - განაცხადა ზია მამედოვმა.
სასტუმრო "რედისონში" ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მე-8 სხდომას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, მინისტრის მოადგილე მუსა პანახოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნასირ თალიბოვი, რკინიგზის ხელმძღვანელი აფირ ასკეროვი და სხვა ოფიციალური პირები. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, შპს "მარაბდა-კარწახის" ხელმძღვანელი ბიძინა ბრეგაძე, ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ვაწაძე და სხვა პირები.