გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს სომეხი ბიზნესმენის მკვლელობაში შესაძლო თანამონაწილეობაზე ამოწმებენ. საქმე ისაა, რომ მოკლული სომეხი ბიზნესმენი გენერალ დუმბაძეს გარეგნულად ჰგავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"შესაძლოა, მათ სისხლიან ანგარიშზე უდანაშაულო სომეხი ბიზნესმენის, ტიგრან ოგანესიანის სიკვდილით იყოს. ოგანესიანი მარშალ ჟუკოვის გამზირზე მოკლეს, სადაც ჩაწერილია გენერალ დუმბაძის ბიძა - თენგიზ დუმბაძე", _ იუწყება რუსული მედია გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდენობით.
მათი ინფორმაციით, დუმბაძის მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე ქილერებმა დაადგინეს მისამართი, რომელზედაც დარეგისტრირებული იყო ქართველი გენერლის ჯიპის ტიპის ავტომობილი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი". ამავე სახლში ცხოვრობდა მოკლული ოგანესიანი და რომან დუმბაძეს გარეგნულად ჰგავდა.
"ქილერები ჩაუსაფრდნენ ოგანესიანს მიმდინარე წლის 17 აპრილს და მას შემდეგ, რაც ის სადარბაზოდან გამოვიდა, ესროლეს. ოგანესიანი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი თვის შემდეგ კი გაირკვა, რომ იმ კორპუსში დუმბაძის ბიძა თენგიზი ცხოვრობდა. სწორედ ამიტომაც მიუთითა რომან დუმბაძემ ავტომობილის რეგისტრაციისას ეს მისამართი", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ საავტომობილო პოლიციური მონაცემთა ბაზის დისკი, როგორც ჩანს, ბოროტმოქმედებმა ბაზარზე შეიძინეს, თუმცა მასზე დატანილი ინფორმაცია მოძველებული იყო.
"ეს ჯიპი რომანს მადლიერების ნიშნად ასლან აბაშიძემ აჩუქა. თან მკვლელობის მომენტში ეს ავტომობილი რომან დუმბაძე უკვე აღარ ეკუთვნოდა. მან იგი გაყიდა", _ ამბობს დუმბაძის ოჯახის ახლობელი.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, როდესაც ბოროტმოქმედები მიხვდნენ, რომ სხვა ადამიანი მოკლეს, მათ მობილური ტელეფონები გამორთეს და ერთი თვით მიიმალნენ. თუმცა 21 მაისს ჩანაფიქრი მაინც შეასრულეს.
ადრე მოკლული ტიგრან ოგანესიანის ოჯახის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ოგანესიანი ვალების გამო მოკლეს, თუმცა ახლა ამ ვერსიამ შესაძლოა აქტუალობა დაკარგოს. თავად დამნაშვენი ამ მკვლელობას ჯერჯერობით უარყოფენ.
აღსანიშნავია, რომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეში ახლახან ახალი ეჭვმიტანილი - ეროვნებით ქართველი 25 წლის თორნიკე კვირიკაშვილი გაჩნდა. კვირიკაშვილმა აღიარებითი ჩვენება დაწერა და სამართალდამცავ ორგანოებში თავად გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ გენერლის მოსაკლავი იარაღი ქილერს თავად გადასცა. დუმბაძის საქმეზე დაკავებული ყველა ეჭვმიტანილი ქართველია. კვირიკაშვილი დაპატიმრებულია და ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება.
აღსანიშნავია, ასევე, რომ გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმეში მოულოდნელი შემობრუნება მოხდა - გამოძიება ეჭვობს, რომ ადრე დაკავებული სავარაუდოდ მკვლელი შოთა თარუგიშვილი სინამდვილეში სულ სხვა ადამიანია. გამომძიებლებმა მასთან ჩატარებული ჩხრეკის შედეგად რამდენიმე სხვადასხვა პასპორტი აღმოაჩინეს. გამომძიებლები ამჟამად მისი ვინაობის გარკვევას ცდილობენ. თავად შოთა თარუგიშვილი თავის სრულ უდანაშაულობას ამტკიცებს.
სამართალდამცავებმა თარუგიშვილის შესახებ ჯერ ძალიან ცოტა რამ იციან - ცნობილია მხოლოდ ის, რომ 19951 წელს იგი თბილისში დაიბადა. მოსკოვში 1951 წლიდან ცხოვრობს და აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ჰყავს მეუღლე და შვილი. დაკავებისას თარუგიშვილი უმუშევრად ითვლებოდა. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 90-იანი წლების ბოლოს შოთა კრიმინალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი. თუმცა მაშინ მას სხვა სახელი და გვარი ჰქონდა.
ამჟამად ოპერატიული სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქითკენ, რომ თარუგიშვილი ბიოგრაფია გაარკვიონ. იმაში, რომ მკვლელი სწორედ თარუგიშვილია, გამოძიებას ეჭვი არ ეპარება. იგი სამმა თვითმხილველმა ამოიცნო. ამას გარდა, აღიარებითი ჩვენება უკვე დაწერა ამ დანაშაულის სხვა მონაწილემ - ალექსანდრე ბერიშვილმა, მან არა მხოლოდ აჩვენა გამომძიბლებს ის იარაღი, რომლიდანაც მოკლეს გენერალი, არამედ მოუთხრო, თუ როგორ მზადდებოდა მკვლელობა.
თარუგიშვილი ამჟამად ლეფორტოვსკის საგამოძიებო იზოლატორში ერთადგილიან კამერაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. დუმბაძე თავისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. დუმბაძე ცნობილია იმით, რომ საქართველოსა და მისი ერთ-ერთი რეგიონის აჭარის ხელისუფლების კონფლიქტის დროს უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დუმბაძე 2008 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.