საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს სურსათის სექტორის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე განმარტავს, კორპორაციამ კვლევა საქართველოს მთავრობის დაკვეთით განახორციელა იმისთვის, რომ, ამ სფეროში შემდეგი წლების პოლიტიკის განსაზღვრა მოხდეს.
რაც შეეხება უშუალოდ კვლევის შედეგებს, IFC-ის შეფასებით, საქართველოში სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის პრაქტიკა სუსტია.
"საქართველოში არსებული სურსათის მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიების 90 %-ზე მეტი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საქართველოს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში დახმარებას საჭიროებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მათ კონკურენტულობას აამაღლებს", - განაცხადა კავკასიაში აღნიშნული კორპორაციის წარმომადგენელმა თომას ლუბეკმა კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" გაიმართა.
ამასთან, კვლევის პროცესში გამოკითხული რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს "სურსათის უვლებლობისა და ხარისხის შესახებ" ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულირების დანერგვა დადებით ზეგავლებას იქონიებს მათ ბიზნესზე.
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 70 %-ზე მეტს ამ სურსათის უვლებლობის და ხარისხის შესახებ ახალი კანონის და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ საბაზისო ცოდნა არ აქვს.
"ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ტრენინგებსა და კონსულტაციებს საჭიროებენ, რაც ახალი კანონის მოთხოვნების შესრულებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება", - აღნიშნულია კვლევაში.
აღნიშნულ კვლევას "მნიშვნელოვანს" უწოდებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და განმარტავს, რომ სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვის გარეშე ევროკავშირთან "თავისუფალი ვაჭრობის" შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდება.
"სურსათის უვლებლობის სისტემა ეს არის, ერთ-ერთი წინაპირობა და რეკომენდაცია ევროკავშირის მხრიდან, რათა საქართველოსა და ამ ორგანიზაციას შორის "თავისუფალი ვაჭრობის" შესახებ შეთანხმების გაფორმება მოხდეს. ამ სისტემის დანერგვის მიზნით, 2010 წლის თებერვლიდან სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე საწარმოების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება, 2011 წლიდან კი, სახელმწიფო ეტაპობრივად დაიწყებს ამ სექტორის კონტროლს", - განუცხადა კოვზირიძემ ჟურნალისტებს, რომელიც აღნიშნული კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა.