4 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შატილობა" გაიმართება.
„დღესასწაულზე გაიმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ჩატარდება შეჯიბრი მკლავჭიდსა და დოღში. მოეწყობა ტრადიციული რიტუალების ჩვენება. გაიმართება გალა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები," - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მაია ქავთარაძემ.
შატილის მიმართულებით, თბილისიდან, დიდუბის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსი კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, დილის 9 საათზე გადის.
დუშეთის ტურიზმის სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი შატილიდან თბილისში მეორე დღეს 13:00 საათზე ბრუნდება. თბილისიდან შატილამდე მგზავრობის ღირებულება 15 ლარია. საკონტაქტო ტელეფონის ნომერია 558 441 441.
შატილში ღამის გათევა შესაძლებელია როგორც კოშკში, ასევე კოტეჯებში. კოშკში ღამის გათევა 30 ლარი ღირს, 35 ლარში დილის საუზმეც შედის, 40 ლარში კი საუზმესთან ერთად ვახშამიც.
„შატილობა" დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები