პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო ლევან ბეჟაშვილის განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და დღესვე ამ თანამდებობაზე ლაშა თორდია დაამტკიცა. დეპუტატებმა 83 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს პარლამენტის დადგენილების პროექტს ლაშა თორდიას გენერალურ აუდიტორად არჩევისა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ლევან ბეჟაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაწყებული რეფორმები გაგრძელდება.
"ბეჟაშვილმა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა. ერთი მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ ტოვებს ამ თანამდებობას, მაგრამ ადამიანურად ძალიან კარგად მესმის მისი პოზიციაც, რომ სურს უფრო აქტიურად ჩაერთოს კახეთის რეაბილიტაციიში და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების პროცესში. მადლობა მას კარგი მუშაობისთვის. იმედი მაქვს, რომ თორდია გააგრძელებს იქ მიმდინარე რეფორმებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ეტაპზე, შეძლებს უფრო მეტი გამჭვირვალობის შეტანას აუდიტის სამსახურის მუშაობაში, შეძლებს უფრო მეტ კომუნიკაციას არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ვინაიდან წლების მანძილზე სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა პარლამენტში", -განაცხადა ბაქრაძემ.