ბათუმის მერია ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის "ქართულ ოცნებას", აქციის ჩასატარებლად, "საოცრებათა მოედანს "სთავაზობს, რომელიც "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გელა მახარაძემ სპეციალური განცხადება დღეს გააკეთა, რომელსაც "ჯი- ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მოგვმართავდნენ თხოვნით, აქციების ორგანიზების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: ბათუმელები ვამაყობთ იმ აღმშენებლობით, რომელიც ჩვენს ქალაქში ხდება, ამიტომ ჩვენს მიღწევებს სიამოვნებით ვუჩვენებთ ყველა ჩამოსულს, მათ შორის მათას, ვისაც შესაძლოა სულაც არ ახარებდეს მიმდინარე აღმშენებლობა. იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი ხმაურიანი პოლიტიკური აქცია ცოტა ხნით მაინც შეუქმნის დისკომფორტს ბათუმელებსა და დამსვენებლებს, ჩვენ მზად ვართ, მსურველ პოლიტიკურ ორგანიზაციებს დავუთმოთ ჩვენი ქალაქის ყველაზე დიდი და ლამაზი მოედანი, "საოცრებათა მოედანი", რომელიც მთელი მსოფლიოს თვალში საქართველოს განვითარებისა და აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა, ისევე როგორც, ახლად აშენებული ბათუმის ნებისმიერი საზოგადოებრივი შეკრებისათვის განკუთვნილი სხვა თვალწარმტაცი ადგილი.
ბუნებრივია ვიტოვებთ იმედს, რომ აქციის ორგანიზატორები არ მოაწყობენ ექსცესებს და ბოროტად არ ისარგებლებენ ბათუმელების სტუმართმოყვარეობით".