პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ქალაქ თელავში სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ თელავის მოსახლეობას საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ ინფორმაციაც გააცნო და აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონის რეაბილიტაციისთვის და მოქალაქეების ზარალის კომპენსაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 160 მლნ. ლარი დაიხარჯება.
თელავის მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი და დროული დახმარებისთვის და აღდგენითი სამუშაოს უახლოეს პერიოდში დასრულების იმედი გამოთქვა.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღმოვფხვრათ ის უბედურება, რომელიც სტიქიამ დაატრიალა ამ რეგიონში. ძალიან დიდი ინტენსივობით მიდის აღდგენითი სამუშაო და მობილიზებულია ყველა სახელმწიფო სამსახური. ქართული სახელმწიფო არსებობს ჩვენი ხალხისთვის და არსად, არასოდეს ქვეყნის ხელისუფლება არ მიატოვებს მათ. სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ჩვენ შევქმენით ამ წლების განმავლობაში, არსებობს ხალხისთვის და ყველა მშენებელი, მაშველი, ჯარისკაცი თუ ელექრიკოსი, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იმსახურებს ჩვენს მადლობას", - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ თელავის სხვადასხვა უბანში მიმდინარე სამუშაო მოინახულა და ერთ-ერთი კორპუსის დაზიანებული სახურავის შეკეთების პროცესსაც დაესწრო.