"რუსეთის ოფიციალურ ორგანოებს სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობა დღემდე არ უღიარებიათ", _ წერს რუსული სააგენტო "რეგნუმი". სააგენტოს მიერ ასე დასათაურებული ინფორმაციის გამოქვეყნების საბაბი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოღვაწე ვებდიზაინერი გახდა, რომელსაც დომენის დარეგისტრირებისას ზონის მითითების ადგილას ქვეყნის დაკონკრეტებისას "საქართველოს" მითითება მოსთხოვეს.
"ვებდიზაინერი აცხადებს, რომ მან სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი უწყებისთვის ინტერნეტგვერდის შექმნა გადაწყვიტა. ვინაიდან საუბარია ოფიციალურ უწყებაზე, აუცილებელია რეგისტრაციის ქვეყნის არჩევისას ყურადღების გამოჩენა. ბუნებრივია, რომ ოსმა ვებდიზაინერმა რუსეთის რეგისტრატორს მიმართა. გთავაზობთ ვებდიზაინერისა და რუსეთის დომენების ოფიციალური რეგისტრატორის მიმოწერას: "- გამარჯობათ, იქნებ გვითხრათ, როგორ დავარეგისტრიროთ დომენი SU ზონაში იურიდიულ პირზე სამხრეთ ოსეთიდან?
- გამარჯობათ. მიუთითეთ საქართველო, ვინაიდან ჯერჯერობით ქვეყნების კლასიფიკატორში იურიდიული პირებისთვის ცვლილებები შეტანილი არ არის", _ წერს "რეგნუმი" და აღნიშნავს, რომ ამ სააგენტომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა და მიაღწია იმას, რომ დამოუკიდებლობა რუსეთის სახელმწიფო გეოდეზიისა და გეოგრაფიის ორგანოებს ეღიარებინათ.