გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის სათამაშოდ დანიაში მყოფი გორის „დილას" თანმხლები დელეგაციის ერთ-ერთი წევრი სუპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს.
19-21 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები, „დილას" გულშემატკივრები და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები (სულ 47 კაცი) ორჰუსში იმყოფებოდნენ. გორის გუნდმა მასპინძლები 2:1 დაამარცხა, დელეგაცია კი უკან 3 კაცით ნაკლები დაბრუნდა - 2 თანმხლები მაისურებისა და ქამრის ქურდობისთვის დააკავეს, ხოლო ერთი - პრაღაში გადაფრინდა და ევროპაში „გაუჩინარდა". კონკრეტდება მხოლოდ ერთ-ერთი დაკავებულის გვარი - გიორგობიანი.
ს/კ „დილას" პრეს-ატაშე ზურაბ კარტოზიამ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: „გიორგობიანი დელეგაციაში კი არა, მგონი გორშიც არავინ ცხოვრობს. მეტს ვერაფერს გეტყვით, გუნდი მთლიანად ზეგინდელი მატჩისთვისაა მომართული".
შეგახსენებთ, რომ „დილა"-„ორჰუსის" საპასუხო მატჩი ხუთშაბათს 18:00 საათზე დაიწყება.