საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს პეტერბურგში სისხლის სამართლის სამძეროს თანამშრომლებმა სახელმწიფოთაშორის ძებნაში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, ზედმეტსახელად "ვეფხო" გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ პეტერბურგისა და ოლქის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პეტერბურგელი სამართალდამცავების ყურადღებას გამუდმებით იპყრობდა ერთი ქართველი, რომელსაც არავითარი დოკუმენტი არ გააჩნდა და ყოველი დაკავებისას სხვადასხვა სახელსა და გვარს ასახელებდა.
"ოპერატიული სამსახურის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პირი არის საქართველოს მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული, რომელიც კრიმინალურ წრეებში "ვეფხოს" ზედმეტსახელადაა ცნობილი. ე.წ. ქურდი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ პეტერბურგელი სამართალდამცავები ქართველ სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ ეს მოქალაქე იძებნებოდა.
დადგინდა ასევე, რომ დაკავებულს საქართველოში დაუსწრებლად ნარკოტიკების უკანონო ბრინვისთვის 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. "ვეფხო" ქართველ სამართალდამცავებს "ლარსის" საკონტროლო პუნქტზე გადასცეს.