საქართველოს მოქალაქეები კოლუმბიაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. 23 ივლისს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი კოლუმბიის რესპუბლიკაში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კოლუმბიის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ოთარ ბერძენიშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მონიკა ლანზეტა მუტისთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მარია კონსტანცა გარსიასთან და ექსპორტის სტრატეგიული მხარდაჭერის დირექტორთან ოლგა ლუსია პერესთან.
განხილულ იქნა საქართველოსა და კოლუმბიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სპორტის სფეროებში. მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის განვითარების, სამართლებრივი ბაზის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.
კოლუმბიის მხარის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ კოლუმბიაში.