შს კახეთის სამხარეო სამმართველომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების" წევრის გიორგი ნატროშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და მისი დასჯა ადმინისტრაციული წესით მოითხოვეს. გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნატროშვილს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი დღეს დილით ისე ჩატარდა, რომ ნატროშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა არაფერი იცოდნენ. გიორგი ნატროშვილმა საქმის განხილვამდე ადვოკატი მოითხოვა. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დაკავებულს ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცა. პროცესი 10 წუთი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ „ქართული ოცნების" წევრი გიორგი ნატროშვილი 22 ივლისს, მას შემდეგ დააკავა, რაც საინფორმაციო საშუალებებით ვაჩნაძიანში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. სოფელ ვაჩნაძიანში „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ინციდენტი მოხდა ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელს მაკო ჩითინაშვილს შორის. მას შემდეგ, რაც ჩითინაშვილმა ივანიშვილს „ნაბიჭვარი" უწოდა, „ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი ჩაარტყა.