„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო "ეხმიანება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იყო შიდა ორგანიზაციულ უთანხმოებასთან. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინა ხატისკაცს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას. ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა. ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით".
შგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნინა ხატისკაცი საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტს ხელმძღვანელობდა და ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდა. ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ მას აქამდე არც გაფრთხილება და არც საყვედური მიუღია.
"დღემდე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამუშაოს და არანაირი დარღვევა, არანაირი გადაცდომა არ მქონია. პროექტები მქონდა და ვახორციელებდი. ეს არის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის და გამგეობის თავმჯდომარის მარკ მალენის გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელ დირექტორს ჩემთან ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობა", - განაცხადა ხატისკაცმა.
მასალის გამოყენების პირობები