დღეს, 24 ივლისს, 14:00 საათზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის" გამართავს შეხვედრას. ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.
შეხვედრის მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის - „ეს შენ გეხება", მისი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრაზე, აგრეთვე, ყურადღება გამახვილდება ე.წ. must carry-ისა და must offer-ის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საარჩევნო პერიოდში.
შეხვედრას დაესწრებიან კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრები: ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრის გამგეობის წევრი მურმან პატარაია, საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი.