შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები გიორგი ნატროშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნატროშვილს ბრალად გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის, მაკო ჩითინაშვილის ცემა ედება. გიორგი ნატროშვილი გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანეს და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
"ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის უფროსის, აკაკი ბეგაშვილის განცხადებით, გიორგი ნატროშვილის ინტერესებს ადვოკატი ლოლა ტუსაშვილი დაიცავს.
სოფელ ვაჩნაძიანში დღეს "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ინციდენტი მოხდა ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელ მაკო ჩითინაშვილს შორის. მას შემდეგ, რაც ჩითინაშვილმა ივანიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი დაარტყა.
მასალის გამოყენების პირობები