აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი სამუშაო ვიზიტების გრაფიკი შეცვალა და კოლორადოს კინოთეატრში დახოცილთა ოჯახებთან შესახვედრად გაემგზავრა.
დღეს ობამა ქალაქ ავრორაში ჩავა, სადაც დაღუპულთა ოჯახის წევრების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
"ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით, ბარაკ ობამამ და პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, მიტ რომნიმ, შტატში წინასაარჩევნო კამპანია დაღუპულთა და დაჭრილთა პატივისაცემის ნიშნად შეწყვიტეს.
გუშინ აშშ-ში პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე დაშვებული იყო სახელმწიფო დროშები.
გუშინვე პოლიციამ შეაღწია ჯეიმს ჰოლმსის ბინაში, რომელიც ეჭვმიტანილია კინოთეატრში 12 ადამიანის დახოცვაში და ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო.
კოლორადოს შტატის პოლიციის წარმომადგენელმა კასიდი კარლსონმა განაცხადა, რომ პოლიციამ "შეძლო პირველი საფრთხის გაუვნებელყოფა", შემდგომ განახორციელდა საკონტროლო აფეთქება და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებიც გამოიყვანა მწყობრიდან.
შეგახსენებთ, დაკავებისას ჰოლმსა პოლიციას განუცხადა, რომ მისი ბინა დანაღმული იყო.
ავრორაში კი გლოვა გრძელდება, ქალაქის მოსახლეობა და სპეციალურად ჩასული ადამიანები პატივს მიაგეებენ დაღუპულთა ხსოვნას. ქალაქის კინოთეატრი, სადაც ტრაგედია მოხდა ყვავილებში და სანთლებშია ჩაფლული.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით პოლიციამ ვერ დაადგინა ჰოლმსის კავშირი ტერორისტებთან. შესაბამისად ამ დრომდე გაურკვეველი ხდება ის მოტივი, რომლის საფუძველზეც ეჭვმიტანილმა დანაშაული ჩაიდინა.
მას დანაშაულის ჩადენის დროს თმები წითლად ჰქონდა შეღებული და როგორც განაცხადა, ის იყო "ჯოკერი" - მთავარი უარყოფითი გმირი, ფილმიდან "ბეტმენი". სწორედ ამ ფილმის ჩვენებისას მოაწყო მან ტრაგედია ავრორას კინოთეატრში.
ეჭვმიტანილი კოლორადო-დენვერის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში სწავლობდა.
ჰოლმსის ოჯახმა დაღუპულებს სამძიმარი და თანადგომა გაამოუცხდადა.