საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა და მოუწოდა, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობა.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 18 ივლისს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე.
როგორც ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება დამძიმდეს. იგი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ყოველ ჯერზე ჩაუტარდა სიმპტომატური მკურნალობა, თუმცა არ ჩასტარებია შესაბამისი გამოკვლევები, რომლების ჩატარების შესაძლებლობა მსჯავრდებულის თქმით, არ გააჩნია #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, _ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.