ბოლო დროის ყველაზე დიდი ე.წ. ქურდული შეკრება მიმდინარეობს. შეკრებაზე, უკვე მოხდა კონფლიქტი ე.წ. კანონიერ ქურდებს - 39 წლის მიხაილ (მიშა) ბოროვსკის , იგივე "ნიკა იზრაილსკისა" და 38 წლის გელა ქარდავას შორის.
ე.წ. ქურდების ძირითადი მასა საბერძნეთში ჯერ კიდევ გასული კვირას შეიკრიბა. შეკრებილთათვის საკვანძო საკითხი - კონფლიქტის გადაწყვეტაა. ამის მიზნით, ორივე მოქიშპე გუნდის წარმომადგენლები პირველად უნდა დამსხდარიყვნენ ერთმანეთის პირისპირ და კრიზისდან გამოსავალი უნდა მოენახათ.
შეკრების მთავარი ინტრიგა მდგომარეობდა იმაში, რომ სოხუმელების მხრიდან მოსალოდნელი იყო მათი ლიდერის - მერაბ ჯანგველაძის ჩასვლა, რომელიც ისრაელში იმყოფება და შესაძლოა შეკრებას ნებისმიერ წუთს შეუერთდეს.
ჯანგველაძის ლოდინში, საბერძნეთში უკვე ჩასული ე.წ. ქურდები წვრილ-წვრილ ჯგუფებად დაიყვნენ, იმისათვის რათა დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე შეიკრიბონ. ჯანგველაძის ჩასვლის დეტალებზე მოსალაპარაკებლად საბერძნეთში სწორედ მიშა ბოროვსკი - ნიკა იზრაელსკი ჩავიდა.
შეხვედრაზე ე.წ. კანონიერ ქურდებთან მოულოდნელად გამოჩნდა გელა ქარდავა, ვინმე "მაცას" თანხლებით. სწორედ ამ დროს მოხდა "გელასა და ნიკა იზრაელსკის შორის წაკინკლავება", შემდეგ კი ჩხუბი, რომელშიც სხვა ე.წ. ქურდები ჩაერთვენ. თუმცა საბერძნეთის პოლიციის მოსვლის თავიდან ასაცილებლად ჩხუბი მალე ჩაცხრა და შეკრებილები დაიშალნენ.
რა თქმა უნდა ამით კონფლიქტი არ ამოწურულა - "ნიკა იზრაილსკის" სახით ძმებმა ქარდავებმა კიდევ ერთი გავლენიანი მტერი გაიჩინეს, რომლის უკანაც დგანან არა მხოლოდ ქუთაისელი ქურდები, არამედ ისრაელის კრიმინალური სამყაროს უდიდესი ნაწილი.
ქურდულ სამყაროში მიიჩნევენ, რომ ერთი შეცდომაა ის, რომ ეს იყო შეკრების ჩაშლის მცდელობა და მეორე არის ის, რომ "თავს დაესხა ადამიანს, რომელიც მოსალაპარაკებლადაა მოსული".
გავრცელებული ინფორმაციით, გელა ქარდავას ახლა უკვე ახლობლებიც არ ამართლებენ, რადგან ქარდავა ჩრდილს აყენებს თავის უფროსს - დედ ჰასანს, რომელსაც ისედაც მიიჩნევენ ისეთ ადამიანად, რომელსაც სურს, რომ ომი არასოდეს არ დასრულდეს.