მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოში განვითარების პოლიტიკის ფარგლებში კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების (CG DPO) განსახორციელებლად. ეს იქნება პირველი ჯგუფი კრედიტებისა, რომელიც კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას მოხმარდება. განვითარების პოლიტიკის ხელშემწყობი ღონისძიებების სერია მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 2010-2013 წლებში თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, განვითარების პოლიტიკის ფარგლებში კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების სერიის მიზანია დახმარება გაუწიოს მთავრობას დაგეგმილი რეფორმებს განხორციელებაში სამი ძირითადი მიმართულებით: (1) კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება საექსპორტო ბაზარსა და უცხოურ ინვესტიციებზე წვდომის, ვაჭრობის ხელშეწყობის, ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და მაღალხარისხიანი და თანამედროვე განათლების სისტემის შექმნის გზით; და (3) სოციალური ხარჯების ეფექტიანობის სტიმულირება სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების გზით, რაც ჯანდაცვის მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებით მიიღწევა.
"განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შემოთავაზებული სერია ეყრდნობა მთავრობის მოდერნიზაციისა და დასაქმების 10 პუნქტიან გეგმას. ღონისძიებები, რომელთა ხელშეწყობასაც CG DPO პროგრამა ითვალისწინებს, ქვეყნის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა, რაც მისი განხორციელებისა და მდგრადობის გარანტიაა"- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.
"მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს ღონისძიებათა ქმედითი ციკლის განხორციელებას პროდუქტიულობის გაუმჯობესების, ინვესტიციებისა და ექსპორტის გაზრდის, ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების დონის ამაღლების და სოციალური დაცვის სისტემის სათანადო გაძლიერების მიზნით,"- აღნიშნა მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა და DPO პროგრამის ხელმძღვანელმა რაშმი შანკარმა.
CG DPO პროგრამისათვის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) მიერ გამოყოფილი სესხი 25 წლიანია, ხოლო საშეღავათო პერიოდის ხანგრძლიობაა 5 წელი.
დღეისათვის მსოფლიო ბანკის საკრედიტო პორთფელი 1.62 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.