კარალეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულმა "ქართული ოცნების" ორმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაკავებულების ადვოკატმა თედო კობახიძემ განაცხადა. მან დაკავებული კახაბერ გოგიშვილის წამების ფაქტებზეც ისაუბრა.
"გოგიშვილს დაკავებიდან სამი დღე მხოლოდ სასმელ წყალს ასმევდნენ, მისთვის საჭმელიც კი არ მიუწოდებიათ, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, ლანძღავდნენ და აიძულებდნენ, ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" ეგინებინა. ამის მიუხედავად, გოგიშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრია და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. რაც შეეხება ცოტნე შენგელიას, დაკავების დღეს, როცა ის ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს, მას ადგილზე კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები დახვდნენ და კალაძესთან ურთიერთობის გაწყვეტა უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის ლიკვიდაციით დაემუქრნენ", - განაცხადა კობახიძემ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის განცხადებით, კოალიცია უსაფუძვლოდ დაკავებულ ყველა ადამიანს დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დაკავების ფაქტი გაასაჩივრეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" „ქართული ოცნების" ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თედო კობახიძემ განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ გორის რაიონულ სასამართლოში, ყველანაირად ცდილობდნენ გასაჩივრების 48-საათიანი ვადა დარღვეულიყო, საჩივრის შეტანა კანონით დადგენილ ვადაში მიანც მოხერხდა.
"ისინი შიმშილობენ იმიტომ, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავენდ და მოსამართლე ეკა ზარნაძის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ", - აცხადებს კბახიძე და აღნიშნავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არავითარ მტკიცებულებზე არ არის დამყარებული.
"ამ სასამართლოს პირობებში არ გვაქვს იმედი, რომ გასაჩივრება შედეგს გამოიღებს, თუმცა როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველა მოსამართლეს, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, პასუხი მოეთხოვება" - განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.