სირიისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვერტმფრენებით "მი-25"-ებით დატვირთული რუსული სატვირთო გემი "Alaed" ბალტიის პორტიდან გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია პორტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"წუხელ "Alaed"-ი ბალტიისკიდან გავიდა. რეიდზე მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩართო AIS-მონიტორინგის სისტემა, რომელიც მთელს მსოფლიოში ხომალდების გადაადგილებას აფიქსირებს და შემდეგ გამორთო. კურსი მან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ აიღო", _ აცხადებს წყარო.
გემთმფლობელი კომპანიის FEMCO-ს წარმომადგენელმა ვლადისლავ გრეჩკამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ "გემი ბალტიისკის რეიდზე იმყოფება და მისი ჩასვლა სანქტ-პეტერბურგში 19 ივლისისათვის იგეგმება".
მათივე ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში "შესაძლოა "Alaed"-ი დამატებით დაიტვირთოს და შორეული აღმოსავლეთიკენ აიღოს გეზი".