თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად სირიის თავდაცვის მინისტრი მოკლეს. თვითმკვლელმა თავი დამასკოში ნაციონალური უსაფრთხოების შენობასთან აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილია კიდევ რამდენიმე ადამიანი. თვითმკვლელის თავდასხმის დროს შენობაში მინისტრებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით თათბირი მიმდინარეობდა.
ამჟამად შენობამდე მისასვლელი გზები გადაკეტილია. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ სირიის დედაქალაქში მსხვილი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. სირიის ოფიცილაური პირები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადების მასშტაბები ფართო სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გაზვიადებულია.
ამბოხებულები ასევე აცხადებენ, რომ დამასკოს ზოგ ქუჩაში ტანკები გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში უკვე ერთ წელზე მეტია შეიარაღებულ ამბოხი მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაღუპულია 15 000 ადამიანზე მეტი.