თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თანამშრომლებს გია ზარაფიშვილს და მიშა გოგინაშვილს 5 200 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება 30 ოქტომბრამდე უნდა აუნაზღაუროს.
ამის შესახებ მხარეებმა შეთანხმებას თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე მიაღწიეს. პროცესს თეატრის ახალი მმართველი პაატა გულიაშვილიც დაესწრო.
„პროცესზე მე და პაატა გულიაშვილი სიტყვიერად შევთანხმდით, რომ 3 200 ლარის ოდენობით ჩემს სახელფასო დავალიანებას დაფარავს, მიშა გოგინაშვილთანაც მოხდა შეთანხმება და მასაც კუთვნილ 2 000 ლარს გადაუხდიან. დავალიანება თეატრმა ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაფაროს," - განუცხადა გია ზარაფიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
გია ზარაფიშვილი და მიხეილ გოგინაშვილი სახელფასო დავალიანების დაფარვას თეატრის უკვე ყოფილი მმართველის დუტა სხირტლაძისგან სამი თვის წინაც ითხოვდნენ, თუმცა პროცესზე მოსარჩელეების ორი წუთით დაგვიანების გამო მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა სარჩელი განუხილველი დატოვა.
გასულ წელს სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი თეატრის კაპელდინერებმაც შეიტანეს. მოსამართლემ კაპელდინერების სარჩელი დააკმაყოფილა და თეატრის ხელმძღვანელს სახელფასო დავალიანების სრულად გადახდა დააკისრა 2 604 ლარის ოდენობით. მანამდე, იგივე მიზეზით სასამართლოს თელავის თეატრის დაცვის სამსახურის ყოფილმა წევრებმაც მიმართეს. სასამართლომ თეატრს ამ შემთხვევაშიც 2 000 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები