საქართველოს ხელისუფლება აფხაზურ და ოსურ მედიას ცენტრალურ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის წინადადებით მიმართავს.
ოფიციალური თბილისი მზადაა ინფორმაციისა და პლურალისტური თვალსაზრისების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი პლატფორმა და მექანიზმები შეიმუშაოს, "რაც ხელს შეუწყობს იზოლაციის გადალახავას, ურთიერთგაგებას და სამომავლო გეგმების ურთიერთგაზიარებას".
"ბეჭდვითი და ელექტრონული მედიასაშუალებების გამოყენების მეშვეობით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის აუცილებელი პლატფორმებისა და ჩარჩო მექანიზმების შექმნა; ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის წახალისება; ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად მედია საშუალებების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა", - ეს ის წინადადებებია, რომლითაც ცენტრალური ხელისუფლება აფხაზურ და ოსურ მედიას მიმართავს.
აღნიშნულის თაობაზე საუბარია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა ("სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით").