დღეს, 16 ივლისს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა საქართველოს რეგიონების ფოლკლორულ ანსამბლებს სერტიფიკატებს გადასცემს. შეხვედრას კომისიის წევრები, ფოლკლორისტები და 74 სერტიფიცირებული ანსამბლის წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირების პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ "ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. სერტიფიცირების კომისიის წევრები არიან: გ. უშიკიშვილი, ნ. ზუმბაძე, დ. შუღლიაშვილი, ლ. ჭანიშვილი, ფ. სულაბერიძე, უ. დვალიშვილი; საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ფოლკლორული კოლექტივების დათვალიერება 2011 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და 2012 წლის 4 ივნისს დასრულდა; სერტიფიცირებაში მონაწილეობა 155 ანსამბლმა მიიღო, აქედან სერტიფიკატი 74 ფოლკლორულ კოლექტივს მიენიჭა.
სერტიფიკატებს მიიღებენ:
კახეთი - 12 ანსამბლი
ქვემო ქართლი - 7 ანსამბლი
შიდა ქართლი - 2 ანსამბლი
სამცხე-ჯავახეთი - 3 ანსამბლი
გურია - 8 ანსამბლი
აჭარის ა/რ - 11 ანსამბლი
იმერეთი - 12 ანსამბლი
რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთი - 6 ანსამბლი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5 ანსამბლი
მცხეთა-მთიანეთი - 1 ანსამბლი
თბილისი - 7 ანსამბლი
სერტიფიცირებული ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან დამატებით მხარდაჭერას მიიღებენ.
სერტიფიცირების მიზნებია ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა, ფოლკლორული ანსამბლების შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა და საზოგადოებისათვის ქართული ფოლკლორის სათანადო დონეზე წარმოჩენა.
სერტიფიცირების პირობები: ფოლკლორული ანსამბლებისათვის სერტიფიცირების პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. სერტიფიცირება არ ვრცელდება სახელმწიფო ანსამბლებზე. აღნიშნული პროექტი, ასევე, არ ითვალისწინებს საბავშვო ანსამბლების სერტიფიცირებას. ანსამბლების სერტიფიცირება მოხდება ორ წელიწადში ერთხელ.