დღეს, 14 ივლისს, ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 84 წელი სრულდება. ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა.
1937 წლის რეპრესიების პერიოდში ნოდარ დუმბაძის მამა დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. დუმბაძე თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას.
1956-1957 წლებში გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად, დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
1967-1972 წლებში იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალ "მოლოდაია გვარდიას" სარედაქციო კოლეგიის წევრი.
დუმბაძე გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში", რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული "სოფლელი ბიჭი" გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.
დუმბაძის რომანებია - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - 1960 წ.; "მე ვხედავ მზეს" - 1962 წ.; "მზიანი ღამე" - 1967 წ.; "ნუ გეშინია, დედა!" - 1971 წ.; "თეთრი ბაირაღები" - 1973 წ.; "მარადისობის კანონი" - 1978 წ..
ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.
დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინოფილმები: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); "მე ვხედავ მზეს" (1965 წ. რეჟ. ლანა ღოღობერიძე); "გზა მშვიდობისა, ჯაყო!" ("ნუ გეშინია, დედას" მიხედვით (1972 წ. რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).