ხვალ, 14 ივლისს, მწერალ ოტია იოსელიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია შალვას ძე იოსელიანი 2011 წლის 14 ივლისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს. იოსელიანი ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს.
იოსელიანის რომანებში ("ვარსკვლავთცვენა", 1962; "ტყვეთა ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზე (რომანი "იყო ერთი ქალი", 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზრაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.