ბიზნესგაერთიანებები და მთავრობა სურსათის უვნებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საწარმოთა ინფორმირებულობას იწყებენ.
საქართველოს ბიზნესასოციაციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კვებისა და სასმელების სფეროში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც უახლოეს ხანებში ამოქმედდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მზადაა კომპანიებს მაქსიმალურად დაეხმაროს.
სიახლე შეეხება საქართველოში არსებული ყველა მსხვილ საწარმოს, რომელიც ხორცს, თევზს, პურს, სასმელს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. მონიტორინგი დაწესდება კვების ობიექტებზეც. მცირე დარღვევების შემთხვევევაშიც კი საწარმოებს სპეციალური სანქციები დაეკისრებათ.
2011 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მონიტორინგს დახლზე არსებულ ყველა პროდუქტზე დააწესებს.
"ჩვენთვის მთავარია საქართველოში მომხმარებელი იყოს დაცული და მოიხმარდეს ხარისხიან პროდუქტს. სურსათის კონტროლი ეტაპობრივად ამოქმედდება. პირველ ეტაპზე საწარმოები დარეგისტრირდებიან. შემდეგომი ეტაპები კი უკვე ნებისმიერი სახის სურსათის დახლზე ინპექტირებას მოიცავს. ვფიქრობ, ეს კეთილსინდისიერ მწარმოებლებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში ხელს შეუწყობს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა.
"ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ადგილობრივ ბაზარზე უხარისხო პროდუქციის არსებობაზე აკეტებს აქცენტს და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ადგილობრივი კომპანიები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე იმპორტს კონურენცია გაუწიონ.
"ჩვენ გვესმის, რომ არის ბიზნესი რომელსაც ეს თემა აწუხებს და მათ შესაძლოა სამომავლოდ გარკვეული პრობლემებიც შექმნას. თუმცა არიან კომპანიები, რომელთათვისაც სურსათის უვნებლობის კანონის სრულფასოვანი ამოქმედება სასიკეთოც იქნება, რადგანაც ჩვენს ბაზარზე ბევრი უხარისხო პროდუქცია შემოდის და ამ ფონზე ადგილობრივი პროდუქცის დაცვა მნიშვნელოვანია", _ განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონი სურსათის ხარისხის მოთხოვნებს, ასევე სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს არეგულირებს. კანონი პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში ევროკავშირის მოთხოვნით მიიღო. კანონის ყველა მუხლის ამოქმედება ჯერ კიდევ 201ო წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირში ექსპორტზე ორიენტირებული სურსათის მწარმოებელ საწარმოთა შემოწმება 2011 წლის ბოლომდე დაიწყება; მაღალი რისკის სურსათის მწარმოებელი საწარმოების შემოწმება, გარდა ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების - 2013 წლის ბოლომდე; ყველა სხვა სახის სურსათის მწარმოებელი საწარმოების შემოწმება - 2015 წლის ბოლომდე; ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების შემოწმება კი 2017 წლიდან შევა ძალაში.
ვიდრე სურსათის მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყება, სურსათის უვნებლობის სამსახურს უფლება აქვს პროდუქცია დახლზე შეამოწმოს და ამის შემდეგ რეაგირებისათვის საწარმოს მიმართოს.