საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი კობა შალვას ძე მახარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
"მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს. გამოძიების დასრულების შემდეგ საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თავდაცვის სამინისტრო დაფარავს დაკრძალვის ხარჯებს და მატერიალურად დაეხმარება გარდაცვლილის ოჯახს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გუშინ 19 წლის ჯარისკაცი ჩამოასვენეს. კობა მახარაშვილი გორის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს ნასროლი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯარისკაცმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა.