კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრები შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 ივლისს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების მხარდამჭერებსა და კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგნლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ პარლამენტარ ბადრი ბასიშვილთან დაახლოებული საჯარო მოხელეები. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალებიდან ნათლად ჩანს, რომ დაპირისპირებაში ყველაზე მეტად სწორედ საჯარო მოსამსახურეები აქტიურობდნენ. გამოკვეთილი აგრესიით კი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ლევან მაისურაძე გამოირჩეოდა, რომელიც, თანმხლებ მამაკაცთან ერთად, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს დაესხა თავს. გავრცელებული ვიდეოკადრებიდან გაარკვევით ჩანს, რომ მაისურაძემ და მისმა თანმხლებლებმა საბა წიწიკაშვილი ძირს დააგდეს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მანამ, სანამ მათ ჟურნალისტი ხალხმა არ გამოგლიჯა. წიწიკაშვილის განცხადებით, მაისურაძის გარდა, მის ცემაში მონაწილეობდნენ გიგი და გოგიტა გოჩაშვილები, რომლებიც, ასევე, საჯარო მოსამსახურეები არიან", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით. საჯარო მოხელეები და პარლამენტარ ბასიშვილთან დაახლოებული პირები, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ხოლო უკან გამობრუნებულ აქციის მონაწილეებს ქვები დაუშინეს, დაამტვრიეს მათი კუთვნილი ავტომანქანები.