სვეტიცხოველში მიმდინარე საზეიმო წირვა-ლოცვას, საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ესწრება. წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლეს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია დღეს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა -
პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი - უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრეპავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.
ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.