საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), კოორდინაციით საქართველოში ავღანეთის სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი შედგა, რომლის მიზანიც ავღანეთში სამშენებლო სექტორის შემაფერხებელი ფაქტორების შემცირება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.
ამ კვირაში ქაბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ კოლეგებს თბილისის მერიაში და ეკონომიკის სამინისტროში და გაიზიარეს მათი გამოცდილება სამშენებლო ნებართვების გაცემის სფეროში. ამჟამად ქაბულის მუნიციპალიტეტი სამშენებლო ნებართვების პროცედურების გამარტივებაზე მუშაობს. ვიზიტის შედეგად სტუმრები პირდაპირი დიალოგის მეშვეობით შეისწავლიან ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ სფეროში.
`საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ბევრი რამ გვსმენია. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგვეხმარა უფრო ნათლად წარმოგვედგინა ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში რეფორმების განხორციელებისათვის უნდა გადავდგათ. გვინდა საგანგებოდ აღვნიშნოთ IFC-ის როლი ჩვენი ვიზიტის ორგანიზებაში," განაცხადა ქაბულის მუნიციპალიტეტის დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოჰამედ იასინმა.
ეს საქართველოში ავღანეთის წარმომადგენლების უკვე მეორე ვიზიტია, რომელიც IFC -ის ორგანიზებით შედგა. გაზაფხულზე საქართველოს ავღანეთის წარმომადგენლები ეწვივნენ ბიზნესის რეგისტრაციისა და ლიცენზირების სფეროში პროცედურების გამარტივების თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს ვიზიტი მათ ავღანეთში ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო პროცედურების გამარტივებაში დაეხმარათ.
`საქართველომ ბოლო წლებში სამშენებლო სექტორში ფართომასშტაბიანი რეფორმები განახორციელა და, ვფიქრობ, ამ გამოციდლების გაზიარება საინტერესოა სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. IFC -ში ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევთ გამოვიყენოთ ჩვენი მსოფლიო გამოცდილება და ადგილობრივი ბაზრის თავისებურებების ცოდნა, რათა ხელი შევუწყოთ განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, რაც უმნიშვნელოვანესია სამუშაო ადგილების შექმნისა და ზრდის წახალისებისთვის", განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა.
წინათ საქართველოში სამშენებლო ნებართვების რთული სისტემა მოქმედებდა, რაც სამშენებლო კომპანიებს ლეგალური პროცედურების თავიდან არიდებისკენ უბიძგებდა. ბოლო წლებში სამშენებლო სექტორში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო სამშენებლო ნებართვების სფეროში მეოთხე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით IFC-ისა და მსოფლიო ბანკის კვლევის `ბიზნესის წარმოება 2012" მიხედვით.
ავღანელი სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი ავღანეთში IFC-ის სამშენებლო ნებართვების პროექტისა და საქართველოში IFჩ-ის საგადასახადო პროექტის თანამშრომლობის შედეგად მოეწყო. IFC-ის სამშენებლო ნებართვების პროექტი ავღანეთში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო IFC -ის საგადასახადო პროექტი საქართველოში კი ავსტრიისა და ლუქსემბურგის მთავრობების და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.