ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირის სამხედრო პორტში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის "ПСКА - 621" და "ПСКА - 622"-ის ტიპის ორი სასაზღვრო-სადარაჯო კატერი შევიდა. აფხაზური მხარის ინფორმაციი, ამ კატერების შესვლა ოჩამჩირის პორტში აფხაზეთს ე.წ. საზღვაო საზღვრების დაცვის სისტემის განვითარების ერთ-ერთი ეტაპია.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურს აფხაზეთში 8 ერთეული გემ-კატერების შემადგენლობა ჰყავს.
ამას გარდა, აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ დასასულს უახლოვდება რუსი საზღვაო მესაზღვეებისათვის განკუთვნილი სამხედრო ქალაქის მშენებლობა. ამ სამხედრო ქალაქში იქნება ხუთი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახებისათვის, ადმინისტრაციული კორპუსი და ორი სპორტული მოედანი.