დღეს, 13 ივლისს, ინდოეთის სამ დიდ ქალაქში - ბომბეი, ჩენაი და გოა - გაიმართება საქართველოში გადაღებული პირველი ინდური ფილმის, "BILLA II"-ს პრემიერა. ღონისძიებას აქტიურად გააშუქებს ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, წარმოდგენილი იქნებიან ინდოეთის წამყვანი მსახიობები და პროდიუსერები.
საქართველოდან ფილმის პირველი ჩვენების პომპეზურ ცერემონიას დაესწრებიან სტუდია "ქართული ფილმისა" და სტუდია "მეტროს" წარმომადგენლები. ინდოეთში ყოფნისას სტუდია "მეტროს" წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს ადგილობრივ პროდიუსერებთან, გააცნობენ იმ ფაქტორებს, რაც განაპირობებს ფილმის გადასაღებად საქართველოს მიმზიდველობას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მრავალფეროვნება, კვალიფიციური კადრები და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა უკვე იწვევს დიდ დაინტერესებას.
საქართველოს ტერიტორიაზე "BILLA II"-ს გადაღებები 2011 წლის 10 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ქართულ ეკონომიკაში ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო. საქართველოს ეწვია ბოლივუდის პროდიუსერთა 36-კაციანი ჯგუფი, მათ შორის, რუპი ნაიკი, ჯორჯ პიუსი, სურეშ ბალაჯე, რომლებმაც თბილისში, ლიკანსა და რუსთავში გადაიღეს ფილმის სცენები და შეარჩიეს სამომავლო გადაღებებისთვის საინტერესო ლოკაციები. ქ. თბილისში ცეკვის სცენისათვის პროდიუსერებმა გამოიყენეს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზი. ეპიზოდი განსაკუთრებულია, რადგან შერჩეულია ქართული სიმღერა - "უკვდავი მოგონება", რომელსაც ასრულებს "ჯეოსტარის" ყოფილი მონაწილე სოფო ბედია.
ბლოქბასტერის გადაღებებისას საქართველოში ინდოელი პროდიუსერების პარტნიორი იყო სტუდია "მეტრო," რომელიც უზრუნველყოფოფდა ინდურ მხარეს მაღალი ხარისხის აპარატურით, ასევე კოორდინაციას უწევდა ზოგადად გადაღებების დროს დამატებითი პერსონალის თუ მომსახურების ჩართვას. აქტიური დახმარება აღმოუჩინა ასევე სტუდია "ქართულმა ფილმმა".
ფილმისთვის მსახიობების შერჩევა განახორციელა მსახიობთა სტუდია "G არტმა". სულ ფილმში მონაწილეობს 60-მდე ქართველი მსახიობი, ხოლო რამდენიმე სცენაში 200-ზე მეტი ადამიანია გადაღებული.
საქართველოში "BILLA"-ს მეორე ნაწილის გადაღებებში გარკვეული წვლილი შეიტანეს სამთავრობო სტრუქტურებმაც. აღსანიშნავია შემდეგი უწყებების მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ქ. თბილისის მერია.
საქართველოსადმი ინდური მხარის ინტერესი მეტად მაღალია და პირველი ფილმის წარმატებით გადაღების შემდეგ პროდიუსერთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს ქვეყანა და შეარჩიოს ფილმისთვის შესაფერისი ადგილები. ზაფხულში დაგეგმილია კიდევ სამი ინდური ფილმის გადაღება, რის შედეგადაც მოხდება დასაქმება და სოლიდური თანხა დაიხარჯება ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ.