ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები იყენებენ თანამდებობრივ მდგომარეობას საარჩევნო მიზნებისთვის, რაც გამოიხატება მათ მიერ თანამშრომლების დავალდებულებაში - მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას და შეადგინონ მხარდამჭერთა სიები, რასაც თან სდევს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის მუქარა. ამავე საკითხის შესწავლის მიზნით სამინისტროს მიმართა უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სავალდებულოდ მიიჩნევს განმარტების გაკეთებას, რათა საზოგადოებას არ შეექმნას არასწორი წარმოდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ზიანი არ მიადგეს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღიარებულ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს", - აღნიშნავენ სამინისტროში.
სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს თანამდებობის პირების მიერ აღნიშნული ქმედებების განხორციელებას.
"ხაზსგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არასდროს მიუღია და არც მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ვალდებულებების თანამშრომლებისათვის დაკისრებაზე და საარჩევნო კამპანიაში თანამშრომლების ჩართვაზე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში არ არის დასახელებული არც ერთი კონკრეტული ფაქტი, თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე, რაც საშუალებას მოგვცემდა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია მსგავსი დარღვევების არსებობის შესახებ.
"იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს რომელიმე თანამშრომლის მიერ, მიუხედავად მისი თანამდებობისა, პირადი ინიციატივით განხორციელდა ან მომავალში განხორციელდება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედება და ეს დადასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.