"ევროპა ჩვენთვის პრაგმატული არჩევანი არ არის", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის შექმნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
"ევროპა ჩვენთვის პრაგმატული არჩევანი არ არის, ისევე, როგორც განსხვავებულ პოლუსებს, ბლოკებს შორის გადაადგილება. ჩვენთვის ისევე, როგორც ჩვენი მოლდოველი მეგობრებისთვის, ევროპის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ეს არის ჩვენი არჩევანი, აქცენტი და იდენტობა. საქართველო მსოფლიოს ამ რეგიონში მოლოდოვასთან ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს რეფორმებისთვის და ცვლილებებისთვის. აღმოსავლეთის პარტნიორობა შესანიშნავი იდეაა, რადგან 2008 წლის შემდეგ ბევრს უკვირდა, რატომ ვიყავით ჯერ კიდევ რუკაზე. ამ დროს კი აღმოსავლეთის პარტნიორობა შეიქმნა, რაც ჩვენთვის დიდი შვება იყო, მაგრამ ეს ძალიან კარგი რამ იყო რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც ", _ განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" მიმდინარეობს. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები. მათ შორის - გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტესი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი. ასევე ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.