ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტზე ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დააყენებენ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბათუმში, ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომის შემდეგ. მისი თქმით, ეს საკითხი დღეს ბათუმში გადაწყდა.
"მომავალ წელს ლიტვა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და უნდა მოვემზადოთ ამისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება, პარტიების ამ გაერთიანებების ხელმძღვანელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ ევროკავშირმა გამოხატოს მზადყოფნა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მომავალ წელს რეალური შანსი აქვს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს. მისივე განცხადებით, მეორე მთავარი საკითხი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა.
"ჩვენ ამ მხრივ ძალიან სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, შანსი გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. საქართველოს ყველა მოქალაქე თავისი პასპორტით უვიზოდ შევა ევროპის კავშირის ქვეყნებში. თუ მივაღწიეთ იმას, რომ ვილნიუსის სამიტმა ამის პარალელურად მოგვცა განაცხადი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ეს იქნება ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის თავისი მომავლის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.